logo
ENG



"ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია" - ოცნება პრეზიდენტის კრიტიკაზე განცხადებას ავრცელებს

29 მაი 202311:22
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ კრიტიკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პრეზიდენტთან "პოლემიკაში" არ შევლენ. თუმცა მმართველი პარტია აქვე აღნიშნავს, რომ მზად არიან, საქართველოს პრეზიდენტს, "ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების" თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიონ.

ქართული ოცნება ფიქრობს, რომ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, უპირველეს ყოვლისა, უარყოფითად აღიქმება ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც არჩევნებში მას მხარი დაუჭირა. პარტიაში აცხადებენ იმასაც, რომ მიუხედავად იმისა, ამგვარ აღქმასა და შეფასებას აქვს "მყარი ობიექტური საფუძველი", ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს არ გამოეხმაურებიან.

"ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩვენ მხარი დავუჭირეთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას სწორედ იმ მოლოდინით, რომ ის სათანადოდ შეასრულებდა ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას საპარლამენტო მმართველობის სისტემაში.

მივიჩნიეთ, რომ უპარტიო ქალბატონი, რომელიც იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელოვანი მოღვაწეების შთამომავალი და ამით, განასახიერებდა კავშირს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიასა და თანამედროვე საქართველოს შორის, იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ამ მისიისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, მან მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ", - აცხადებენ მმართველ პარტიაში.

ქართული ოცნების განცხადებით, 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ განუმარტეს, რომ არჩევნებში მხარდაჭერის მიუხედავად, მას არ უნდა ჰქონოდა არავითარი ვალდებულება მმართველი პარტიის წინაშე. მათი მტკიცებით, ამ მიდგომას სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების დღიდან სრულად იცავდნენ და დღემდე იცავენ.

"აქედან ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისას, ჩვენი ერთადერთი მიზანი საპარლამენტო მმართველობის სისტემაში საქართველოს პრეზიდენტის ზეპარტიული ინსტიტუტის სათანადოდ დამკვიდრება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს", - ამბობენ პარტიაში.

ამასთან, მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თქმით, პრეზიდენტი "კარგავს ლეგიტიმაციას" საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს "მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა" - მათივე განცხადებით, ამის მიუხედავად, მათი "ვალია", ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწად-ნახევრის მანძილზე შეუნარჩუნონ "თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია" საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად.

"დასასრულს, გამოვთქვამთ იმედს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა. ქართული ოცნება მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს", - აღნიშნულია მმართველი პარტიის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო დროს მმართველი პარტიის წარმომადგენლები რამდენჯერმე გააკრიტიკა - მისი განცხადებები კრიტიკული იყო 26 მაისის ღონისძიებაზეც, სადაც სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ გაუგებარია, სად გაქრა სიტყვები "ევროპა ჩვენი არჩევანია". მან თქვა ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპულ არჩევანს არ დათმობს და დროა, მთავრობამ ეს პირობა შეასრულოს.

აღსანიშნავია, რომ 31 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში გაემგზავრება და ევროპარლამენტს მიმართავს. ზურაბიშვილს ვიზიტი თავდაპირველად 18 აპრილს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგვიანებით განმარტა, ვიზიტის გადადების მიზეზი "მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი" იყო.


close დახურვა